სომხეთსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ერევანი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი უკან გაბრუნდა. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, ზემო ლარსის საგუშაგოზე წარმოქმნილ პრობლემებსა და როსსელხოზნადზორის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. კითხვას, შეიძლება თუ არა ამაში იყოს პოლიტიკური კონტექსტი, მინისტრმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს აკრძალვები უცნაურია.
„ჩვენ ავიღეთ როსსელხოზნადზორის მიერ გამოქვეყნებული მასალები და ვსწავლობთ მათ იმის გასაგებად, თუ რამდენად არ შეესაბამება ჩვენი ბიზნესმენების მიერ წარმოებული პროდუქცია იმ სტანდარტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს,“ - განაცხადა კერობიანმა.
ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის [როსსელხოზნადზორი] რუსეთის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სომხეთიდან რუსეთში გასაყიდად გატანილი მცენარეები, ბოსტნეული და ხილი “პესტიციდებითაა გაჯერებული” და სომეხ კოლეგებს სთხოვენ,” დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კანონდარღვევის აღსაკვეთად.”
თავის მხრივ, კერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა დაიწყო მოქმედება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში. „ჩვენ მოვიწვიეთ სასწრაფო შეხვედრა, რომელიც გაიმართება უახლოეს ორ დღეში,“ - განაცხადა კერობიანმა. სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსს, არაიიკ ჰარუთუნიანს მიაჩნია, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დახურვა არ იმოქმედებს სომხეთზე, თუ ყველა სომეხი იყიდის ექსკლუზიურად სომხურ პროდუქტს.