ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას და ასევე ისრაელიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი დღით გაგრძელდა. 

ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დღეს, 30 ნოემბერს დილით დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.

6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.