ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.
ბორელი სკოპიეშია, რომელიც 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე.
„თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა.