ბლინკენი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში მესამედ ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

ბლინკენი ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ვიზიტით მესამედ იმყოფება.


ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძევლებთან დაკავშირებით სიტუაცია პოზიტიურად განვითარდა და ისინი სახლში ბრუნდებიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, ასევე შესაძლებელი გახდა, გაიზარდოს ღაზის სექტროში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება," - აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მოგვიანებით რამალაში შეხვდება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.