ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
მან რუსეთის დელეგაციას შემდეგი სიტყვებით მიმართა.
- „უცნაური ადამიანი ვარ: ჩემი ბებია რუსეთიდან იყო და მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბაბუა - ებრაელი პოლონეთიდან, მეორე ბაბუა ლუქსემბურგელი კათოლიკე იყო და მეორე ბებია ფრანგი ათეისტი. ამდენად, ჩემში ბევრი სხვადასხვა კულტურაა და შესაბამისად, ტოლერანტობაც.
მე ასევე ბელგიელ მამაკაცზე ვარ დაქორწინებული, ანუ გეი ვარ და ალბათ თქვენს ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ მე პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მასთან სატელეფონო საუბარიც მქონდა. ომამდე მე ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვესაუბრე და ვლადიმირ პუტინსაც და შევეცადე, რომ მათთან მოსაზრებები გამეცვალა, თუმცა ბუჩის შემდეგ ვიგრძენი, რომ გამოსავლის პოვნის სურვილი არ არსებობდა. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვაშენეთ კულტურულ, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები.
პუტინთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას, მას ისიც ვუთხარი, რომ ახლა მათი უახლოესი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა არიან. ასეთი იზოლირებულობა ძალიან ცუდია და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი ნარატივი არ არის სწორი. ომის დაწყება ადვილია, ომის დასრულება წარმოაჩენს, როგორი ლიდერი ხარ. არასდროს არის გვიან იმის აღიარება, რომ თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით. მე ვერ მოვისმენ ბატონ ლავროვის პასუხს, იმიტომ რომ აქ არ ვიქნები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაჩერდეთ. შეწყვიტეთ ის, რასაც ახსნა და მიზეზი არ აქვს,“ განაცხადა მინისტრმა.
ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.