ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების გასაძლიერებლად, სპარსეთის ყურისკენ ბრიტანული ხომალდი მიემართება

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურისკენ სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი გემი HMS Diamond-ი გაემართა.

ხომალდი 2022 წლიდან განლაგებულ ფრეგატ HMS Lancaster-სა და სამ გამნაღმველ ხომალდს შეუერთდება. მინისტრის თქმით, დამატებითი ხომალდის გაგზავნა იქნება სიგნალი ირანისა და მისი მხარდამჭერი ძალებისადმი რეგიონში. ცნობილია, რომ აშშ-მ უკვე გააძლიერა თავისი საზღვაო ყოფნა რეგიონში, 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ სატვირთო გემი Galaxy Leader იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუტისებმა სამხრეთ წითელ ზღვაში ამ თვის დასაწყისში დააკავეს.


„დიდი ბრიტანეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდა, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები მზარდად არასტაბილურ სამყაროში,“ – განაცხადა შეპსმა.

ცნობისთვის, ოპერაცია Kipion-ი არის დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის საზღვაო წარმომადგენლობა ყურესა და ინდოეთის ოკეანეში.