შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: უკრაინის მომავალი ევროპაშია, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია.

„უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!" - წერს ოლაფ შოლცი X-ზე.


თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხში ჩართულობისთვის. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა გერმანიის მხრიდან თავდაცვითი დახმარების პაკეტის გამოყოფის მნიშვნელობას, ოთხი IRIS-T სისტემის ჩათვლით, რომელიც უკრაინას ზამთარში დაეხმარება.

„მე ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირის მხრიდან მომავალი წლებისთვის დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის უზრუნველყოფას.