ფინეთმა და რუსეთმა სასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმეს

ფინეთმა რუსეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება შეწყვიტა. ფინეთის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. თანამშრომლობის შეწყვეტის ინიციატორი რუსეთი იყო, რომელმაც შესაბამისი შეტყობინება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაუგზავნა.

2012 წელს გაფორმებული შეთანხმება მოქმედებას ოფიციალურად შეწყვეტს 2024 წლის 24 იანვრიდან. დოკუმენტის საფუძველზე ფინეთი და რუსეთი ერთობლივად მუშაობდნენ სასაზღვრო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.


NATO-სა და ევროკავშირის წევრი ფინეთის მთავრობამ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის 13 დეკემბრამდე კეტავს რუსეთთან სახმელეთო საზღვარს, სხვებისთვის კი, რვიდან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იმუშავებს. ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავენ.