ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის $23 მილიონს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 250 მილიონ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით $23 მილიონი) გამოყოფს. თანხების უმეტესი ნაწილი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამას (WFP) გადაეცემა.

ნორვეგიის მთავრობის ცნობით, ფრონტის ხაზთან სასურსათო დახმარების გაწევის გარდა, დაფინანსება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სურსათის წარმოებას.


გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიიდან თითქმის 4,6 მილიონი დოლარით დაფინანსდება ინიციატივა - „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს WFP და მიზნად ისახავს უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას გაჭირვებული ქვეყნებისთვის. კიდევ 4,6 მილიონი დოლარი გადაირიცხება მსოფლიო ბანკის უკრაინის ფონდში.

ბანკის სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ARISE (Ukraine Agriculture Recovery Inclusive Support Emergency) უკრაინელ ფერმერებს ფინანსურ დახმარებას უწევს. ნორვეგიამ თებერვალში დაიწყო პროგრამა, რათა უკრაინას 7 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ნორვეგიამ უკრაინასა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.