ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების შემდეგ, ელჩის გაწვევა კონსულტაციების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ Politico წერს.
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აღმაშფოთებელი განცხადებების შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფუძვლო ბრალდებები, გადავწყვიტე, გამოვიწვიო ესპანეთში ჩვენი ელჩი კონსულტაციებისთვის იერუსალიმში,“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა.
მანამდე სანჩესმა ესპანურ საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-ს განუცხადა, რომ მას აქვს სერიოზული ეჭვი მტკიცებაზე, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად მოქმედებს ღაზის სექტორში სამხედრო პასუხის დროს. ისრაელმა მის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.
„ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით და გააგრძელებს ომს, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამას“ არ განადგურდება,“ აღნიშნა კოენმა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე სთხოვა კოენს, დაებარებინა ესპანეთის ელჩი ისრაელში "საყვედურისთვის" "ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო კომენტარების გამო იმ დღეს, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტებმა დედაქალაქ იერუსალიმში ისრაელელები მოკლეს." ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელმა ესპანეთის ელჩი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის საკამათო განცხადებების გამო დაიბარა.
გასულ კვირას ისრაელმა გააკრიტიკა პედრო სანჩესი და ბელგიის ლიდერი ალექსანდრე დე კროო მათი კომენტარებისთვის ეგვიპტესა და ღაზის შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე ვიზიტის დროს, როდესაც „ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმები“ გააკრიტიკეს.