The New York Times: ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთი წლის წინ იცოდა

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთ წელზე მეტი ხნის წინ იცოდა. The New York Times-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში აღწერილია თავდასხმის დეტალები, თუმცა ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რადგან მათთვის ეს გეგმა დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა.


დოკუმენტში მითითებული არ არის თავდასხმის თარიღი, მაგრამ აღწერილია მეთოდური შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზის სექტორის გარშემო სიმაგრეების განადგურებას, ისრაელის ქალაქების აღებას და მთავარ სამხედრო ბაზებზე შტურმს.

თავდასხმა დასაწყისში ითვალისწინებდა სარაკეტო სროლას, სათვალთვალო კამერების გამორთვას და ისრაელში ბოევიკების მასიურ შეჭრას.


გეგმა ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალების ადგილმდებარეობისა და სიძლიერის, საკომუნიკაციო ცენტრებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ. დოკუმენტი ფართოდ გავრცელდა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ მასშტაბის და ამბიციების შეტევა „ჰამასის“ შესაძლებლობებს აღემატებოდა. დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ ჰამასი ამ გეგმას მალე განახორციელებდა. ისრაელს The New York Times-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებას მოეპოვებოდა 40-გვერდიანი საბრძოლო გეგმა კოდური დასახელებით „იერიქონის კედელი“, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი „ჰამასის“ ჰიპოთეზური თავდასხმა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე.

როგორ მოიპოვა ისრაელმა ეს დოკუმენტი, უცნობია, მაგრამ New York Times-ის სტატიიდან ჩანს, რომ ის ებრაულად არის თარგმნილი, სავარაუდოდ - არაბულიდან. როგორც Associated Press-ი იუწყება, ტექსტი შესაძლოა, უშუალოდ „ჰამასისგან“ ჩაიგდეს ხელთ. ამერიკული გამოცემის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტი ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების მრავალმა წარმომადგენელმა ნახა, თუმცა არ არის ცხადი, ცნობილი იყო თუ არა მის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ან ისრაელის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირებისთვის.


„ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ დასავლეთის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განადგურებამდე იბრძოლებს.