უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პროკურატურის თანამშრომლებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ომის კანონებისა და წესების 100 000-ზე მეტი დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ზელენსკის თქმით, ახლა პროკურატურის თანამშრომლების საქმეა უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის იურიდიული ფუნდამენტის შექმნა.
„როგორც მშვიდობიან, ასევე ომი პირობებში აღნიშნული ფუნდამენტი მაქსიმალურად მყარი უნდა იყოს, რათა უკრაინამ ფაქტებზე დაყრდნობით შეძლოს სიმართლის მოყოლა რუსეთის აგრესიისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულის შესახებ. უკრაინელი პროკურორების, გამომძიებლების, დეტექტივების, ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის ხარისხი საბოლოო ჯამში არის რუსეთის დასჯის შეუქცევადობის გარანტი იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ.
ყველა იმ სიმხეცის შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზის შექმნა, რომელსაც რუსები ჩვენს მიწაზე სჩადიან, ძალიან საპასუხისმგებლო და ისტორიულად წონადი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პროკურატურები ოპერატიულად მუშაობენ ყველა ტერორის აქტზე, თავდასხმასა და დამცირებაზე, რომელიც რუსეთმა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.
უკრაინას შეუძლია, დაიცვას და დაიცავს კიდეც თავის დამოუკიდებლობას. ასევე, მე ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინას შეუძლია, პასუხისგებაში მისცეს ყველა მათგანი, ვინც მოიტანა ომი და ტერორი ჩვენს მიწაზე. ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს შესაბამის პროცესებს ყველა დონეზე,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.