ემანუელ მაკრონი: ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, ომი ათი წელი გაგრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს.


როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.“

„თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება,“ - განაცხადა მაკრონმა.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ.“

მაკრონმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერეს.