ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

ისრაელი „ჰამასის“ გაანადგუროს არამხოლოდ პალესტინელთა ტერიტორიებზე, არამედ, სხვაგანაც გეგმავს. 3 დეკემბერს, ისრაელის სამაუწყებლო კომპანია Kan-ის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისრაელის უშიშროების სამსახურის შინ ბეთის ხელმძღვანელი რონენ ბარი საუბრობს.


ჩანაწერზე დაყრდნობით, CNN-ი და BBC-ი წერენ, რომ რონენ ბარის განცხადებით, ეს მიზანი „მათი მიუნხენია“ და ამ მიზანს მისდევენ ყველგან - ღაზის სექტორში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ლიბანში, თურქეთში, კატარსა და სხვაგან. ბარის განცხადებით, მიზნის მიღწევას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამ ამოცანას აუცილებლად შეასრულებენ.

რონენ ბარი მიუნხენში გულისხმობდა 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის დროს, პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, „შავი სექტემბრის“ წევრების მიერ ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წარმომადგენლის მკვლელობას. ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ტერაქტის ყველა მონაწილის და ორგანიზატორის ლიკვიდაციის ოპერაცია, რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა.


ისრაელის, აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ლიდერები ცხოვრობენ ან ხშირად ჩადიან ლიბანში, კატარსა და თურქეთში. „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის დელეგაცია არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთშიც.

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სპეცსამსახურების სისტემაშია, პირადად პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მისი ძირითადი ფუნქციაა კონტრდაზვერვა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.