ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ბრაზილია საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ქვეყანა 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
DW წერს, რომ 4 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის და ბრაზილიის მთავრობათა კონსულტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლულა და სილვას ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში. ბრაზილიის პრეზიდენტმა არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა და აღნიშნა რომ ამას სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სილვა კრემლთან კარგ ურთიერთობებ ინარჩუნებს. ის 2023 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მოგვიანებით განცხადა, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.