The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია სულ მცირე ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩებიან “ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლები.
ღაზის სექტორის მიწისქვეშ გვირაბების ფართო ქსელის საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა.
ამასთან, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გვირაბების ჩაძირვის გეგმის კომენტირებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობენ „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალის სამხედრო და ტექნოლოგიური საშუალებებით განადგურებაზე.
„ჰამასი“ ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.