რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სანქციების საწინააღმდეგოდ, იუწყება რუსული მედია.
ხელმოწერა მოსკოვში შედგა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დედაქალაქს კასპიის ზღვისპირა ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დეკლარაცია ცალმხრივი იძულებითი ზომების უარყოფით შედეგებთან დაპირისპირების, შერბილებისა და კომპენსაციის გზებისა და საშუალებების შესახებ.“
ლავროვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი შესაძლებელს გახდის, გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა „უკანონო“ შეზღუდვების წინააღმდეგ, „რომლებითაც, მისი მტკიცებით, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს.“
ირანის წინააღმდეგ უკვე 40 წელი, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.
შარშან თებერვლამდე თეირანი მსოფლიო ლიდერი იყო ადამიანებისა და კომპანიების თვალსაზრისით, რომლებსაც შეზღუდვები შეეხო. Castellum.AI-ის ანალიტიკოსების დაანგარიშებით, 2022 წლის 22 თებერვლისთვის ირანის წინააღმდეგ შემოღებული იყო 3600-ზე მეტი სანქცია, რუსეთის წინააღმდეგ - თითქმის 2700.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეზღუდვების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერად რუსეთი იქცა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე რუსეთის წინააღმდეგ 15200 სანქცია, ირანის წინააღმდეგ - ათასზე ცოტა მეტი შემოიღეს.
7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ჩადის. ირანული მედიის ცნობით, ვიზიტი, რომელიც პუტინის მიწვევით იმართება, ერთდღიანი იქნება. მოლაპარაკებების ძირითადი თემები იქნება კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. ეს მოსკოვში რაისის მეორე ვიზიტი იქნება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ. რუსეთში მისი წინა ვიზიტი 2022 წლის იანვარში შედგა.