ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟე იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს.


უკრაინის დახმარების საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმაც გააკეთა.

„თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია, მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ,“ - განაცხადა ჯანეტ იელენმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.