უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ამერიკელი სენატორებისადმი მიმართვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმიეროვმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორების წინაშე გამოსვლა ვერ შეძლო უკრაინაში ომისა და მუდმივად ცვალებადი სიტუაციის გამო.

„ეს არის ომი, ასე რომ, სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი ამას გააკეთებს  [სენატორებისადმი მიმართვა] შემდეგ ჯერზე, როცა შესაძლებელი იქნება,“ - აღნიშნა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინამ, შეიძლება, ომი წააგოს.

ერმაკმა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება, კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს.


ზელენსკის გამოსვლის გაუქმების თაობაზე, 5 დეკემბერს სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, თუმცა მას მიზეზებზე არ უსაუბრია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა, რომელიც 5 დეკემბერს, კიევის დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. სენატმა დღეს, 6 დეკემბერს უნდა იმსჯელოს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსებაზე.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.