ICC-ს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. რუსეთის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა.

აბუ-დაბის შემდეგ, პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.


არაბთა გაერთიანებული საამირო და საუდის არაბეთი ICC-ის მუშაობაში არ არიან ჩართულნი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამ ქვეყანას და რუსეთს მოსაზღვრე ჩინეთს ეწვია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი ასვე გასცა ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. რუსეთის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.