ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ და „დიდი შვიდეული” მზად არიან, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონგრესმენებმა ეს საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ.

„ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს,” - განაცხადა ბაიდენმა.


მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს მისცეს უდიდესი საჩუქარი, რომლის იმედიც შეიძლება, ჰქონდეს და უარი განაცხადოს ჩვენს გლობალურ ლიდერობაზე.

„ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგს აქცევს თავისუფლების მიზნებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მზად არის "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.


„ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ს უახლოეს კვირებში ამოეწურება უკრაინის მხარდასაჭერი სახსრები, თუ კონგრესი ზომებს არ მიიღებს.


აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ.

„თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.