აშშ უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ.
„თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მადლობელი ვარ, ჯო ბაიდენმა, კონგრესმა და ამერიკელმა ხალხმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დღეს გამოაცხადეს. დამატებითი საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის, HIMARS-ისთვის და არტილერიისთვის ძალიან საჭიროა ახლა ფრონტის ხაზზე. მუდმივი მხარდაჭერა თავისუფლების მტკიცე დაცვის საშუალებას იძლევა," - დაწერა ზელენსკიმ.
დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიიღონ მისი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაზე მოთხოვნა, რომლის თანახმადაც კიევის სამხედრო დახმარებისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
ბაიდენის თქმით, „თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამაზე არ გაჩერდება" და თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეებს. „შემდეგ „ჩვენ გვეყოლება ამერიკული ჯარები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა.