თუ უკრაინა ყოველდღიურად დააბრუნებს რუსების მიერ დეპორტირებულ ერთ ბავშვს, ყველა მათგანის დაბრუნებას 55 წელი დასჭირდება. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
„ამჟამად, ოფიციალურად დადასტურებული 19 540-ზე მეტი დეპორტირებული უკრაინელი ბავშვია. თუ ყოველდღიურად ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, 55 წელი დაგვჭირდება [ყველას დასაბრუნებლად]. და ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინელი ბავშვების უფრო და უფრო მეტი ჯგუფის დეპორტაციას ყოველდღე,“ - განაცხადა ლუბინეცმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამ კუთხით ახლა ბევრი ინიციატივა აქვს.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი ყველა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დასაბრუნებლად. მაგრამ ჩვენ ვეძებთ უფრო და უფრო კონკრეტულ ინსტრუმენტებს ჩვენი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად," - განაცხადა ომბუდსმენმა.
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ 6 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა.