ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - „ქართული ოცნება“

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის, იანოშ ლატორცაის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იანოშ ლატორცაის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.


როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.