რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა ბაიკალ-ამურის მთავარ მაგისტრალზე ორი სატვირთო მატარებლის აფეთქებაში ეჭვმიტანილი.
ბელორუსის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.
ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, რუსეთის რკინიგზის ყველაზე გრძელ სევერომუისკის გვირაბში და მის გარშემო შემოვლით გზაზე აფეთქებები ნოემბრის ბოლოს მოხდა.
გამოძიების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საწვავის ავზები ააფეთქეს. გვირაბში მატარებლების მოძრაობა შეწყდა, ხოლო შემოვლითი გზით შემადგენლობები დიდი შეფერხებით მოძრაობდნენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაიკალ-ამურის მაგისტრალური ხაზი აქტიურად გამოიყენება ჩინეთთან ვაჭრობისთვის. გასული წლის განმავლობაში, რუსეთის რკინიგზის სტატისტიკის თანახმად, ბამ-ისა და ტრანს-ციმბირის რკინიგზით 149 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს. ამავე გზით მოძრაობს სამხედრო დანიშნულების ტვირთიც.
ეფ-ეს-ბეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერაქტის შედეგად ტაიშეტ-ტინდასა და ტაიშეტ-ნერიუნგრის მარშრუტებზე მოძრავი ნავთობპროდუქტების მატარებლები აფეთქდა. საიდუმლო სამსახურმა სავარაუდო ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოზე მისი სახე არ ჩანს. უცნობია, რა პირობებშია გაკეთებული ჩანაწერი და იყო თუ არა ეჭვმიტანილი კვალიფიციური დაცვით უზრუნველყოფილი. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.