უკრაინამ რუსული აგრესიის მხარდამჭერებს, მათ შორის, კადიროვთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის 185 პირს სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქციები ასევე შეეხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსა და უკრაინის მოქალაქეებს.

სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას, უკრაინის საზღვრებიდან კაპიტალის გატანის პრევენციას, სავაჭრო ხელშეკრულებების შეწყვეტას.


სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი ადილ შირინოვი, ლუგანსკის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ვარიჩი, შპს Aeroscan-ის დირექტორი ალექსანდრე სტოროჟენკო, თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე-ეკონომიკის მინისტრი მიდჰათ შაგიახმეტოვი; უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ოლექსი კუნევიჩი; იმ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ხრუსული არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში მონაწილეობენ.


სანქციები დაუწესდა ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც. სანქციები დაწესდა 181 იურიდიულ პირზეც. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული რეგისტრაცია აქვს, ზოგიერთი კი, რეგისტრირებულია უზბეკეთში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მოლდოვაში, ირანსა და ოკუპირებულ ყირიმში.