„ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე,“ სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ ჯარისკაცს გაათავისუფლებს. ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს.
მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.“
აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე," - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.