უკრაინა იაპონიის ახალი დახმარებიდან $1.5 მილიარდს იანვარში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს - იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.


მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. 7 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა რეკონსტრუქციისთვის იაპონიისგან 4,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.