ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად კომპრომისს ეძებს. თეთრ სახლში განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლელობას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე, ასევე საუბარია დეპორტაციის პროცესის გაფართოებაზე.
შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის დავის ფონზე საჭიროა კომპრომისი, რომლის საფუძველზეც, აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის წახალისება აღარ უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელია სწორედ რესპუბლიკელების მოთხოვნა, ბაიდენი კი, მათ შანტაჟში ადანაშაულებს.
„თეთრი სახლი თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების სტანდარტის გასაძლიერებლად მზად იქნება“ განუცხადა Reuters-ს წყარომ.
ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ითვალისწინებს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ დებულებას, რომელიც უარს ეტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებს, რომლებიც სხვა ქვეყნის გავლით ჩადიან აშშ-ში. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი შეიძლება, დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოებაც იყოს.
„სენატორების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ასევე განიხილავს თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის შეზღუდვას,“ განაცხადა წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ასეთ ვარიანტზე გაურკვეველი რჩება. ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისისთვის.
„რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო პერიოდი 14 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რაც შეზღუდულ დროს ტოვებს კანონების მისაღებად. ანალოგიური ვადები აქვს „დემოკრატების“ ხელმძღვანელობით სენატსაც. ამის გათვალისწინებით, Reuters-ი წერს, რომ მხარეების მიზანია ძირითადი შეთანხმების მიღწევა და საკანონმდებლო ტექსტის დეტალებზე მუშაობა შესაძლოა, არდადეგების პერიოდშიც გაგრძელდეს.