საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ დე ფაქტო რეჟიმმა „სისხლის სამართლის საქმე აღძრა“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ „სისხლის სამართლის საქმე აღძრა.“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი, 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.


ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.