აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ამერიკული აუდიტორიისთვის“ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა.
სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.
გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ნახევარს სურს, რომ უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდეს, თუნდაც ეს ნიშნავს ვლადიმერ პუტინისთვის მიწის დათმობას. რას ეტყოდით ამერიკის საზოგადოების იმ წევრებს, რომლებმაც შესაძლოა, დაგადანაშაულონ შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და გავლენის მოხდენის მცდელობაში? ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბლინკენს.
„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში განვახორციელეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ მიერ მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენს საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.