აშშ-მ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ რეზოლუციამ „ჰამასი“ არ დაგმო.


„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ ტერორისტული აქტები ჩაიდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი,“ - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.

ვუდვორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულია და მხარს უჭერს ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ხმა მივცეთ რეზოლუციას, რომელიც ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს არ გმობს,“ - აღნიშნა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.


„ეს რეზოლუცია კვლავ შეიცავს მოწოდებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც „ჰამასს“დროს მისცემს, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.


აშშ-ის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ღრმად არის იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ საბჭოს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არ შეუძლია,“ - განაცხადა გაეროში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა, მოჰამედ აბუშაჰამ.


„თუ თქვენ მხარს უჭერთ ომს, თქვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უჭერთ მხარს. ეს უშიშროების საბჭოსთვის საშინელი დღეა,“ - აღნიშნა გაეროში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, ხოლო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც აშშ-მ ვეტო დაადო, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.


Reuters-ის ცნობით, კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გადადგა გამონაკლისი ნაბიჯი, რათა უშიშროების საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ოფიციალურად გაეფრთხილებინა გლობალურ საფრთხეზე, რომელსაც უკვე ორი თვე მიმდინარე ომი ქმნის.

გუტერეშმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელების „კოლექტიურ დასჯას.“ ისრაელი გაეროს გენმდივნის განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს.


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენება გაერო-ს გენერალური მდივნის მიკერძოებული პოზიციის მაგალითია.

„99-ე მუხლის გამოყენებით საბჭოს შეხვედრის მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ის არ იქნა გამოყენებული უკრაინის შემთხვევაში ან სირიის სამოქალაქო ომისთვის, გუტერეშის მიკერძოებული და ცალმხრივი პოზიციის კიდევ ერთი მაგალითია,“ - წერს კოენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

კოენმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ ომის დანაშაულების გაგრძელებაში დაეხმარება და მან აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, რადგან იგი მძევლების სახლში დასაბრუნებლად და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიკვიდაციისთვის ბრძოლას აგრძელებს,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, „ჰამასს“ აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებენ.