აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, ძალისხმევას გააძლიერებენ, ამ უკანასკნელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ფონზე. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამით გამოწვეული მზარდი საფრთხე, ასევე კიბერსივრცეში არსებული საფრხეები შაბათს, 9 დეკემბერს, სეულში განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და მისმა იაპონელმა და კორეელმა კოლეგებმა.


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები შეთანხმდნენ გააგრძელონ სამმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის სამმხრივი სამხედრო წვრთნების გეგმების შედგენის გზით. 

შეთანხმება ასევე მოიცავს კიბერ, ეკონომიკის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და განვითარების თანამშრომლობის სფეროებს.

„კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში, როგორიცაა მაგალითად, მიწოდების ჯაჭვებზე, ტექნოლოგიების დაცვაზე, ერთობლივ კვლევებსა და ხელოვნური ინტელექტის მართვაზე,“ - აღნიშნა კორეელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


„ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ჯეიკ სალივანმა.

მისმა იაპონელმა კოლეგამ, ტაკეო აკიბამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო კიბერ აქტივობები უკანასკნელ გამოწვევას წარმოადგენს და ჩრდილოეთ კორეა მათ ბირთვული რაკეტების განვითარების დასაფინანსებლად იყენებს.