ბორელი: საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას. შესაბამისი კომენტარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში," - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.