გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ICO-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოლიმპიადამდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდნენ.
„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა შეძლონ იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების თანმიმდევრულად გაძევება, რომლებიც რაიმე სახით მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ დამპყრობლურ ომს ან რაიმენაირად დაკავშირებული არიან რუსულ მთავრობასთან და რუს სამხედროებთან,” - განაცხადა ფეზერმა.
გერმანიის შს მინისტრის თქმით, სრულიად მიუღებელია, რომ უკრაინელ სპორტსმენებს უწევდეთ რუსებთან შეჯიბრება, რომლებიც მათი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომს უჭერენ მხარს. „უკრაინამ და უკრაინულმა სპორტმა მსოფლიო სპორტისგან სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მომავალშიც უნდა მიიღონ,” - განაცხადა მინისტრმა.
ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს.
„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.