მიტროპოლიტი შიო: ძალიან სახიფათოა რჯულისა და კანონების მხოლოდ გარეგნულად შესრულება, მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად

„ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 27-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა.


„როდესაც გვინდა, შევასრულოთ საეკლესიო, თუ გნებავთ, საერო კანონები, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე. ასე გარეგნულად არ უნდა აღვასრულოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათოა, მხოლოდ ფორმალურად, წესების აღსრულებით, მათ გაუაზრებლად, მათი შინაარსის გაუაზრებლად, შეიძლება, მივიდეთ იმ უგუნურებამდე და სისასტიკემდე, სადამდეც მივიდნენ დღევანდელ სახარებაში სინაგოგაში მყოფი მორწმუნეები.

ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი - შაბათისთვის.“