გერმანიის შეიარაღებული ძალების არმიის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბროიერი აცხადებს, რომ გერმანიას შესაძლოა, თავდაცვითი ომი მოუწიოს, ამიტომ აუცილებელია NATO-ს მოკავშირის დასაცავად, გერმანიის შეიარაღებული ძალების მომზადებაში არსებული ხარვეზების გამოსწორება.
„ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთ დღეს შეიძლება, თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიწიოს,“ - ამბობს ბროიერი.
მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ვლადიმერ პუტინის ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ.
კითხვას, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს NATO-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბროიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს.
„დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს," - განაცხადა ბროიერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მანვე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.