ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომლის თანახმად, ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი.“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ.
10 დეკემბერს, „ჰამასის“ ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის აბუ ობეიდას განცხადება, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.