პოლიტიკა
ახალი ამბები
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინა და ღაზის სექტორი.
მას ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოსთან დაკავშირებით. ბორელის თქმით, კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. მან მოუწოდა ქვეყანას, გააგრძელოს ამ გზით სიარული.
ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ბორელმა უპასუხა:
„ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელორუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ასევე კავკასიაში.
კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.