დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქმნის ახალ უწყებას, რომლის ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის კონტროლი იქნება.
სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI) 2024 წლის დასაწყისში ამუშავდება. ახალი სამსახური უკვე არსებულ ფინანსური სანქციების ბიუროს (Office of Financial Sanctions Implementation) შეავსებს. ამის შესახებ BBC წერს.
სამსახური ყურადღებას მიაქცევს, რომ კომპანიებმა მესამე ქვეყნებში არ გაიტანონ პროდუქცია შემდგომ რუსეთისთვის გადასაცემად. გარდა ამისა, ის ჯარიმებს დააწესებს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე მასალებს გადასცემს უწყებებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღძრან სისხლის სამართლის საქმეები. ბიურო კომპანიებს დაეხმარება რჩევებით, როგორ აიცილონ თავიდან სანქციების შემთხვევით დარღვევა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევაჩეროთ პუტინის სამხედრო მანქანა. ეს გულისხმობს როგორც ბრძოლას იმათ წინააღმდეგ, ვინც სანქციებს თავს არიდებს, ისევე რუსეთის დატოვებას ტექნოლოგიებისა და შემოსავლების გარეშე, რომლებიც მას დანაშაულებრივი ომის გასაგრძელებლად სჭირდება,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, ნუსრატ ღანიმ.