ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

„შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მისივე თანახმად, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა.

„მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს,“ - წერს თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთანაც.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.