პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად, პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს.
ტუსკს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 201 წინააღმდეგი იყო, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა მატეუშ მორავეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო.
66 წლის დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ, ორჯერ აირჩიეს. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, ხოლო "კანონისა და სამართლის" პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.