დასავლელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მყისიერი სამხედრო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რუსეთი საბოლოოდ გაიმარჯვებს უკრაინაში, შესაძლოა, მან პრობლემები სხვაგან შექმნას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში გლოვობდა რუსეთის იმპერიის დაკარგვას, რომელიც უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ბალტიისპირეთს მოიცავდა. ამ შინაარსის სტატიას Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
„ევროპელი ქვეყნები კიევს მილიარდობით დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ განაცხადეს, რომ მათ ექმნებათ ეკონომიკური შეზღუდვები და იარაღის წარმოებაში შეზღუდვები. თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის დახმარების ძირითადი ნაწილის უზრუნველყოფაზე, ევროპას არ აქვს მარაგი, რათა ვაშინგტონის როლი შეითავსოს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ დახმარება მთლიანად შეწყდება, ისინი ვერ გააგრძელებენ უკვე რთულ სამხედრო კამპანიას დაკარგული მიწების დასაბრუნებლად და შესაძლოა, ვერ შეაჩერონ რუსული დანაყოფები, რომლებსაც მხარს უჭერს ბევრად უფრო დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს ცოცხალი ძალის უმაღლესი რეზერვები,“ - წერს ამერიკული გამოცემა, რომელიც სტატიას ბრიტანელი გენერლის კომენტარით განაგრძობს.
- გენერალი პატრიკ სანდერსი, გაერთიანებული სამეფოს არმიის ყველაზე უფროსი მეთაური, ევროპის ისტორიის ამ მომენტს ადარებს 1937 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ დაპირისპირება.
„1930-იანი წლების გაკვეთილია - როდესაც სტრატეგიული კონტექსტი და საფრთხეები იწყებს ზრდას, და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ, მაშინ, თქვენ უნდა დაიწყოთ ამისთვის მომზადება,” - განაცხადა სანდერსმა,“ - წერს WSJ და აქვე მოჰყავს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის კომენტარი.
- „პუტინს შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებზე, როგორიცაა, მოლდოვა და საქართველო, განახორციელოს დივერსიული შეტევები ბალტიისპირეთში ან კიდევ გააძლიეროს რუსეთის სამხედრო ყოფნა კალინინგრადში, რუსეთის სტრატეგიულ ანკლავში პოლონეთსა და ლიეტუვას შორის,“ განაცხადა მარკ სედვილმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.