გალანტი: ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბატალიონები დაშლის პირას არიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან.

„ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, - აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან იუნისსა და მის გარშემო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორ მდგომარეობაშია დაჯგუფება.