პოლიტიკა
ახალი ამბები
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღეს, არის ფუნდამენტური გაფართოების პოლიტიკის ნებისმიერი პროგრესისთვის, ასევე, გაფართოების წინსვლისთის. მისივე შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არამხოლოდ საბჭოსთვის წინადადების წარდგენა, არამედ, ასევე გადაწყვეტილებებია მიღებული. ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცმველი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ გვაქვს 10 ქვეყანა, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ.
ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო საბჭოს მიერ. ეს ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო, რომელიც შესრულდა საბჭოსთან ერთად, შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ვარჰეის თქმით, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს ხალხისა და მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის.
„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.