პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების კონგრესში, დაარწმუნეს ის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაში.
ამის შესახებ ზეელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ბევრი ვილაპარაკე ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ყოველთვის სჯეროდა მისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის.
„ვივარაუდოთ, რომ ასე გაგრძელდება და უკრაინა მარტო არ დარჩება ისეთი ავტოკრატიული ტერორისტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის დათმობას, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ძალადობისგან.
„როგორ შეიძლება, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ღმერთს და ეს ნამდვილად არ იქნება ქრისტიანული საქმე, რადგან ჩვენი ხალხი, ოჯახები, ბავშვები იქ ცხოვრობენ, ისინი უკრაინული საზოგადოების ნაწილია,“- განაცხადა ზელენსკიმ და უპასუხა კითხვას ომის დასრულების მიზნით შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ.