რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გაფართოების შესახებ მიღებულ დასკვნაში

ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა მიიღო. დოკუმენტი მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ექვს პარტნიორს, თურქეთს და - პირველად - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. საქართველოს შესახებ დოკუმენტი 11 პუნქტს შეიცავს.

მასში ნათქვამია, რომ საბჭო ითვალისწინებს კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ; მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელის ამ საკითხზე ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად და შეუქცევადად, რათა შემდგომი ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინ წავიდეს.

საბჭო დადებითად აღნიშნავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. საბჭო მიესალმება კარგ საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობას და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, დამკვირვებელ ორგანიზაციებს და იხსენებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებში წინსვლისთვის.


  • რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძვლებს, საბჭო განსაკუთრებით აღიარებს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

საბჭო მთლიანობაში მიესალმება საქართველოს მზადყოფნას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება. 

საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი.

გარდა ამისა, საბჭო იხსენებს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, თავისუფლად იმოქმედოს და აქტიური, ინკლუზიური და შინაარსიანი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით.


  • საბჭო ასევე ხაზს უსვამს დეზინფორმაციასთან; უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; მოუწოდებს საქართველოს, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიზნით. 

საბჭო იმეორებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს. საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას.


  • რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, საბჭო იხსენებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად განახორციელოს ეუთო/ODIHR და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

საბჭო იმეორებს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან.


საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რჩება მტკიცედ ერთგული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. 


საბჭო ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ საქართველო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობას არსებითად გაზრდის. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა ამ ზომების გვერდის ავლა არ მოხდეს.