ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე - მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა.


„ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის’, რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს,“ - განაცხადა კოენმა.


მან საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა, „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები.

13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.