ნორვეგია, დანია, ისლანდია, ფინეთი და შვედეთი ახლა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გაუწევენ უკრაინას სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტორემ ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლადიმირ ზელენსკისთან და დანიის, ისლანდიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ერთიანობას სკანდინავიური ქვეყნების მოსახლეობას შორის,” - განაცხადა სტორემ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა „ძალიან სერიოზულია.”
„ეს არის გადამწყვეტი დრო უკრაინის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ზამთარს, ომის დროს მეორე ზამთარში, სასწრაფო დახმარებაა საჭირო. ხვალ, შვედეთის მთავრობა დაამტკიცებს ზამთრის პაკეტს თქვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, მტკიცე სკანდინავიური მხარდაჭერა გაგრძელდება,”- განაცხადა კრისტერსონმა.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა ავიღოთ უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულება. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ მას არ შეუძლია ამ ომში გამარჯვება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით," აღნიშნა ფრედერიქსენმა.
ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში.
ზელენსკი ნორვეგიაში 13 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე ის ჯერ არგენტიაში და შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა.