რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვი ისევ დრონების სამიზნეა

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის კალუგის ოლქის ქალაქებზე თავდასხმა 7 დრონის გამოყენებით განხორციელდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამთენიისას, ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები დედაქალაქის მახლობლად, ნარო-ფომინსკში ჩამოაგდეს. სობიანინის მტკიცებითვე, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

დილით, რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ტელეგრამ-არხზეც გმოაქვეყნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს სუხინიჩსკის რაიონში. გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა. დამოუკიდებელი წყაროებით, ეს ინფორმაცია ვერ მოწმდება.


თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის და კალუგის ოლქებში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.